2018 წლის 17 აპრილს ააიპ ჰერეთის სახლმა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დასვა საკითხი ჰერეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველი აბიტურიენტებისა და სტუდენტების წინაშე არსებული პრობლემის შესახებ. ა(ა)იპ ჰერეთის სახლის წარმომადგენელმა დასაბუთებული არგუმენტებით მოითხოვა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტში არსებული იმ ჩანაწერის გაუქმება, რომლის საფუძველზეც თანამემამულის სტატუსის მქონე აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველი სტუდენტები ვერ სარგებლობდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების უმაღლესი განათლების  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ შეღავათით. ამის გამო, ჰერეთის ქართველი სტუდენტები იძულებულნი ხდებოდნენ უარი ეთქვათ თანამემამულის სტატუსზე (!)
„ჰერეთის სახლის“ მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად,  მომზადდა ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, რომელმაც დაარეგულირა და აღმოფხვრა არსებული ხარვეზი. კომიტეტმა 24 მაისს სხდომაზე განიხილა კანონპროექტი და მხარი დაუჭირა მას.  კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან.

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 80. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო   სასწავლო გრანტით
 
იყო:
1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. (24.11.2011. №5304 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან)
   
ჩასწორდა :
1.   სახელმწიფო   სასწავლო   გრანტის   მიღების   უფლება   აქვთ   საქართველოს   მოქალაქეს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. (06.06.2018. №2480 ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან)        
 

იყო
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, გარდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქისა, რომლის უმაღლესი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით.

ჩასწორდა
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით.


ამავე კანონში ანალოგიური ცვლილებები შევიდა სამაგისტრო გრანტის მიღების წესში (მუხლი 80-1.1, 80-1.2)

„ჰერეთის სახლი“ მადლობას უხდის ქართულ მხარეს წარდგენილ საკითხზე დროული რეაგირებისთვის და პრობლემის სრულფასოვნად გადაჭრისთვის. აზერბაიჯანის მოქალაქე თანამემამულე სტუდენტებს კი წარმატებას უსურვებს უმაღლესი განათლების მიღების პროცესში.



ა(ა)იპ ჰერეთის სახლის დირექტორი
ვასილ პაპიაშვილი

2018.10.02


www.000webhost.com