2018 წლის 11 სექტემბერს, ა(ა)იპ ჰერეთის სახლის დირექტორის, ვასილ პაპიაშვილის ორგანიზებით კაკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონი, ჰერეთი, ე. წ. საინგილო) ქართული სკოლის დაარსების 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ქართული კულტურის სახლის დარბაზში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დამსახურებულმა ვეტერან-პენსიონერმა მასწავლებლებმა, ადგილობრივი მოზარდი ახალგაზრდების მუსიკალურმა ჯგუფმა ვასილ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ კულტურის სახლთან არსებულმა ბავშვთა ცეკვის ანსამბლმა "იმედი" და სხვა საპატიო სტუმრებმა. ღონისძიებამ დამსწრე მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ვიდეომასალა იხილეთ ამ მისამართზე: https://youtu.be/MDOsDeQQ0RQ
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კაკის ქართული კულტურის სახლის დარბაზი, როგორც ესთეტიურად, ისე ფუნქციური თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაში იმყოფება და ამ მიზეზის გამო, ბოლო წლებში მხოლოდ ადგილობრივ ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლების გეგმიური კონცერტებიღა თუ იმართება ხოლმე.
ჰერეთის სახლი იმედოვნებს, რომ ორი სახელმწიფო (საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა) კახის ქართული კულტურის ცენტრისა და დარბაზის აღდგენის თაობაზე 2009 წელს დაწყებულ მოლაპარაკებას მალე ბოლომდე მიიყვანს და მასში ღონისძიების ორგანიზებაც ასეთ რთულ პრობლემებთან აღარ იქნება დაკავშირებული.

PS. აქვე, ერთი დეტალის შესახებ. ამ საკითხს არ შევეხებოდით, მაგრამ, ვინაიდან ქართული სკოლების მოქმედი მასწავლებლებისა და დირექტორების არ დასწრებით შეწუხებულმა ერთ-ერთმა გამომსვლელმა სცენაზე წარმოთქმულ სიტყვაში აშკარად ხაზი გაუსვა ამ საკითხს, იმისათვის, რათა უსაფუძვლო კითხვები არ გაჩნდეს ღონისძიების ორგანიზების მიმართ, განვმარტავთ: კახის რაიონის შვიდივე მოქმედი ქართული სკოლის (6 სკოლის და 1 სექტორის) დირექტორ/ხელმძღვანელებს პირადად დავურეკეთ. ორი მათგანის, კაკისთავისა და სოფელ ალათემურის ქართული სკოლების დირექტორების ტელეფონები გამორთული იყო, თბილისში იმყოფებოდნენ. დანარჩენებს კი შევატყობინეთ კაკში ქართული სკოლის დაარსების 150 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების დეტალები და დავპატიჟეთ საღამოზე. გარდა ამისა, FaceBook-ში შევქმენით ღონისძიების ანონსი და საინფორმაციო აფიშაც გავაკარით კაკისთავში. ამდენად, ღონისძიებაზე მოქმედ დირექტორ-მასწავლებელთა არ დასწრების საკითხზე ღონსძიბის საორგანიზაციო მხარე პასუხისმგებლობას არ იღებს.

სტატიის ავტორი: ვასილ პაპიაშვილი

www.000webhost.com