23 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონის ჰერელებით დასახლბულ სოფელ სამთაწყაროში ა(ა)იპ "ჰერეთის სახლის" შემოქმედებითი გუნდის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება "ჰერეთი". აქტივობა განხორციელდა 2016 წლის თებერვალში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში გამარჯვებული პროექტის "ჰერეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჰერეთის ელექტრონული არქივი..." ფარგლებში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის, სკოლის მოსწავლეებისათვის მათი ისტორიული მშობლიური კუთხის _ ჰერეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსეული მამულიშვილების გაცნობას.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან სასაზღვრო მდინარე ალაზანზე სამთაწყაროს ჰერეთთან (საინგილოსთან) დამაკავშირებელი ხიდი ჩაიკეტა, რის შემდეგაც ალაზანს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ ჰერებს შორის არსებული ინტენსიური მიმოსვლა უკიდურეს მინიმუმამდე დაეცა. ამის გამო, 2005 წლის შემდეგ სამთაწყაროში წამოზრდილ თაობას, უფროს თაობასთან შედარებით უფრო ნაკლები ცოდნა აქვს თავისი ისტორიული მშობლიური კუთხის შესახებ.

ჰერეთის სახლის ორგანიზებით განხორციელებული ეს ღონისძიება სწორედ ამ დეფიციტის აღმოფხვრას ემსახურებოდა. ამდენად, ღონისძიება შედგებოდა ჰერეთთან დაკავშირებული, როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურული განყოფილებებისაგან.

იმ დროისათვის, როცა "ჰერეთის სახლის", ანსამბლ "ჰერულას" და დები ნაყეურებისაგან შემდგარი დელეგაცია სამთაწყაროში ჩავიდა, ადგილობრივი მოსახლეობა შეკრებილი იყო სოფლის კულტ-სახლის (ძველი ბაღის) ეზოში. ვინაიდან სამთაწყაროს სკოლაში წინასაარჩევნო შტაბი იყო განთავსებული, სოფლის გამგეობის შემოთავაზებით სწორედ ამ შენობაში გაიმართა ღონისძეიბა. ინტერიერის მცირე ტევადობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე შენობის ეზოში გაიმართა ქართული ფოლკლორული მუსიკალური საღამო.

მუსიკალური საღამოს დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისა და ამ სოფლის გამხნევება-მხარდაჭერისათვის.

მუსიკალური საღამოს, რომელშიც წარმოდგენილი იყო როგორც ჰერული, ასევე საქართველოს სხვა კუთხეების სასიმღერო ნიმუშები, მთავარი შემოქმედნი იყვნენ ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლი "ჰერულა" და პოპულარული მომღერლები _ დები ნაყეურები. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ღონისძიებაში სამთაწყაროს მოზარდი ახლარგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ, როგორც სიმღერის, ასევე ცეკვის სახით.

ღონისძიების ორგანიზატორებიცა და მონაწილეებიც ძლიერ ნასიამოვნები დავრჩით სამთაწყაროელების ასეთი მონდომებულობითა და ინტერესიანობით. გარდა იმისა, რომ მათ გამოაჩინეს მაღალი კულტურისა და შეგნების დონე, აღსანიშნავია მათი მონდომებულობა ტექნიკურ თანადგომაში, როგორიცაა ინვეტარისა თუ ელექტროხელსაწყოების ოპერატიული მოწესრიგება. იმ ფონზე, როდესაც სოფლის კულტურის სახლი სავალალო მდგომარეობაშია, ხელოვნებისადმი ინტერესი სამთაწყაროელებს აშკარად გამძაფრებული ჰქონიათ.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სოფელმა თავი ღირსეულად წარმოაჩინა. ასეთი დასახლება და ხალხი ნამდვიალდ უკეთეს კუტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას იმსახურებს

მუსიკალური საღამოს შემდეგ სტუმარ-მასპინძელმა გადაინაცვლა შენობაში, სადაც სამთაწყაროს სკოლის წარმომადგენლებისა და კულტურის მუშაკთა მიერ საგანგებოდ მოეწყო საპრეზენტაციო ტექნიკური ინვენტარი. აქ "ჰერეთის სახლის" შემოქმედებითი გუნდის წევრებმა მოაწყეს ჰერეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ამ კუთხის ღირსეულ მამულიშვილთა პრეზენტაცია. მოეწყო ჰერეთის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ჰერეთის სახლის ხელმძღვანელმა სამთაწყაროს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები (ჰერეთის ისტორია; ჰერელი პოეტის, ზურაბ პაპიაშვილის ლექსებისა და მოთხრობების კრებულები "ფესვების ძახილი", "შენით და შენთვის" ავტორისაგან, ავტორის ხელმოწერით, კ. ჰერელის ბროშურები "ჰერეთი).

საგანმანათლებლო ღონისძიება დასრულდა ჰერეთის (საინგილოს) ფოლკლორული ანსამბლის "ჰერულა" და დები ნაყეურების მიერ ერთობლივად შესრულებული "ჰერული მრავალჟამიერით".

ჰერეთის სახლისა და ანსამბლ ჰერულას სახელით მადლობას ვუხდით:
* სამთაწყაროს მოსახლეობას, პირველ რიგში, თავიანთი სოფლის ღირსეული წარმოჩენისათვის;
* დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს, სოფელ სამთაწყაროს გამგეობას, სკოლის წარმომადგენლობას _ მხარდაჭერისათვის;
* სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს _ პრიორიტეტების შერჩევის საკითხში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის და ისეთი აქტივობის მხარდაჭერისათვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობისათვის ასეთი იშვიათი სიხარული მიგვენიჭებინა;
* უმშვენიერეს მომღერალ დებს, ნაყეურებს _ თანადგომისათვის.

საგანმანათლებლო ღონისძიების, პრეზენტაციების, მუსიკალური საღამოსა და შთაბეჭდილებების შესახებ ვიდეოები იხ. დანართში.


პრეზენტაციები


მუსიკალური საღამო


კომენტარები


www.000webhost.com